fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია
ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება – ჰაკათონის პარტნიორი

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება – ჰაკათონის პარტნიორი

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება 2019 წლის 27 სექტემბერს, ნიკოლაძის დაბადების დღეს დაფუძნდა. საზოგადოების წარდგინება გაიმართა ქალაქ ფოთში, ნიკოლაძის აგებული „აია სოფიას“ ტაძრის მცირე ასლის ღონისძიებათა დარბაზში. საზოგადოების პირველ საპატიო თავმჯდომარედ სიცოცხლის ბოლომდე არჩეულ იქნა ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი 60 წლის მანძილზე, პროფესორი დალი ჩიკვილაძე, პირველი თავმჯდომარედ 5 წლის ვადით არჩეულ იქნა გიორგი ფარეშიშვილი.

დაფუძნებიდან დღემდე საზოგადოებამ არაერთი აქტივობა განახორციელა. საზოგადოების ინიციატივით და „კუხალეიშვილის ფონდის“ მხარდაჭერით, შეიქმნა ქალაქ ფოთზე მინიატურები,  მხატვარ ოთარ იმერლიშვილის მიერ, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის ისტორიას დაარსებიდან დღემდე. აღნიშნული ნახატების ორიგინალები დაცულია ნიკოლაძის ფოთის კოშკში.

მინიატურების მიხედვით გამოიცა საბავშვო წიგნი „ფაზისიდან ფოთამდე“ – ნათია ჯანაშიას ტექსტის მხიედვით, რომელიც ყველა ფოთელ პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა.  აღიშნული წიგნი ითარგმნა ასევე ინგლისურ ენაზე და გამოიცემა მაისში დიდ ბრიტანეთში.

ევროკავშირის მხარდაჭერით საზოგადოებამ გადაიღო ფილმი „დროსგასწრებული მამულიშვილი“ – ნიკო ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის“ პროექტში „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“, სადაც საზოგადოების თავმჯდომარე ატარებდა ლექციებს ნიკო ნიკოლაძის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

საზოგადოების ინიციატივით გამოიცა წიგნი: „მოგონებების აკიდო“ რომელიც მიეძღვნა საზოგადოების უცვლელი საპატიო თავმჯდომარის, პროფესორ დალი ჩიკვილაძის ხსოვნას;

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლის ინიციატივითა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი მადლიერების მემორიალზე, რომელიც გამიზნულია რომ დაიდგას ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში. მონუმენტზე მუშაობს ლეგენდარული ქართველი მხატვარი ლევან ცუცქირიძე მის ვაჟთან მოქანდაკე მამუკა ცუცქირიძესთან ერთად.

სარედაქციო კოლეგიასთან ერთად, საზოგადოების მხარდაჭერით მზადდება ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკის 10-ე ტომი, რომელიც აქამდე არასოდეს გამოცემულა;

საზოგადოების მხარდაჭერით გამოიცა 2021 წლის სასაჩუქრე კალენდარი, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტებით გაფორმებული;

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების ინიციატივით შექმნილია  „ნიკო ნიკოლაძის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი, რომელიც გადაეცემათ საზოგადოების საქმიანობაში და ნიკოლაძის სახელის უკვდავსაყოფად გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის ადამიანებს.

საზოგადოების მხარდაჭერით დაწესდა „პრემია ფაზისი“, რომელიც გაიცემა ორ ნომინაციაში, ლიტერატურის დარგში და ქალაქ ფოთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. პირველი დაჯილდოება შედგება 2021 წლის 9 მაისს, ქალაქ ფოთის დღეს.

საზოგადოების მხარდაჭერით იწყება სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი:“ წერილი ფოთს“ , სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ 200, 150 და 100 ლარიანი სასაჩუქრე წიგნის ვაუჩერები და წერილები გამოიცემა ბროშურად.

„ჯეპრასთან“ პარტნიორობით გამოიცა წიგნი ნიკო ნიკოლაძეზე – „უცნობი ნაცნობი“ -ლია ბიბილეიშვილის და რამაზ ნამიჭეიშვილის თანაავტორობით;

ასევე საზოგადოებისა და „ჯეპრას“ პარტნიორობით, „კუხალეიშვილის ფონდის“ მხარდაჭერით გამოიცა ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“;

„ჯეპრას“ ინიციატივით მიმდინარეობს ნიკო ნიკოლაძის „ჩეთბოტის“ შესაქმნელად ჰაკათონი, რომლის მხარდამჭერია ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება;

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების წარმომადგენლები ჩერთვებიან ლექციების ციკლში და მონაწილეობის მსურველებს გააცნობენ ნიკოს საქმიანობას და მოღვაწეობას, გამარჯვებული გუნდის წევრებს კი დაასაჩუქრებენ ნიკოს შესახებ გამოცემული წიგნებით.