რა არის საჭირო ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად I Marketer.ge
19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“-ს ორგანიზებით გაიმართება ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.
ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს.
რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩეთბოტების შექმნა და რა არის საჭირო ჰაკათონში მონაწილეობისთვის – ამაზე ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი და პროექტის პარტნიორი კომპანიის, ანიმაჩეთბოტიქსის პროექტების მენეჯერი, მარიამ გოჩიაშვილი გვიამბობენ.
როგორც ვიცით, ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საუბარია რომელიმე დარგის სტუდენტებზე თუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მარიამ გოჩიაშვილი: ჩეთბოტის შექმნას როდესაც ვახსენებთ, ადამიანებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ეს დაკავშირებულია რთულ ტექნიკურ პროცესებთან, რომ აუცილებელია პროგრამირების ცოდნა და ა.შ. თუმცა, ჰაკათონში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარი ტექნიკური ცოდნა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვორქშოფების სერია, რომლის განმავლობაშიც ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლით, როგორ ააწყონ ჩეთბოტი პლატფორმაზე, შესაბამისად, ნებისმიერ სტუდენტსა და მაღალი კლასის მოსწავლეს შეუძლია კონკურსში ჩართვა.
სანდრო ასათიანი: ჩეთბოტის შექმნა შეიძლება თავიდან ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს მზა პლატფორმა, რომელიც ანიმაჩეთბოტიქსმა შექმნა, და რომლის საშუალებითაც შეიძლება „დიალოგის მანქანის“ აწყობა. ასევე არსებობს ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ დასვან ტექნიკური თუ სხვა სახის კითხვები.
რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ ჰაკათონის მონაწილეებს?
მარიამ გოჩიაშვილი: პირველ რიგში, რაც მოუწევთ, ეს არის პლატფორმის შესწავლა, რაც უკვე დავიწყეთ ვორქშოფებზე, ხოლო უშუალოდ ჰაკათონზე უნილაბიდან და ანიმადან გამოყოფილი იქნებიან მენტორები და ჩვენ დავეხმარებით მონაწილეებს ნებისმიერი დეტალის გარკვევაში პლატფორმასთან დაკავშირებით. მთავარი სირთულე ჩეთბოტის შექმნისას არის, ერთი მხრივ, კარგად გაიაზრონ, ვის ჩეთბოტს აკეთებენ, რათა მაქსიმალურად მიამსგავსონ მას ციფრული ორეული და მეორე მხრივ, – შეისწავლონ პლატფორმის ძირითადი ხელსაწყოები მენტორების დახმარებით.
როგორ ფორმატში წარიმართება ჰაკათონი და რა იქნება გამარჯვებული გუნდის პრიზი?
სანდრო ასათიანი – ჰაკათონი ონლაინ ფორმატში წარიმართება, ისევე როგორფ ვორქშოფები და ლექციები. ამას თავისი პლიუსებიც აქვს, სტუდენტებს და მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ კონკურსში. პრიზს რაც შეეხება, ეს იქნება ერთგვარი სტიპენდია 2500 ლარის ოდენობით, იმისათვის, რომ გამარჯვებულმა გუნდმა ჩეთბოტზე მუშაობა განაგრძოს, დახვეწოს და სრულყოფილი პროდუქტი შექმნას. პრიზები განკუთვნილია მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტებისთვისაც – 1500 და 1000 ლარის ოდენობით. ასევე ილიაუნი დააჯილდოვებს რჩეულ გუნდებს-სკოლის მოსწავლეებისგან და ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.
სად იქნება ჩეთბოტი ხელმისაწვდომი?
სანდრო ასათიანი – დასრულებული ჩეთბოტი ინტეგრირდება ნიკო ნიკოლაძის ვებგვერდზე nikonikoladze.ge, სადაც ადამიანს შეეძლება ერთი მხრივ, გაეცნოს ინფორმაციას ნიკოს შესახებ და მეორე მხრივ, დაელაპარაკოს მას.
რა დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ მოხვდეს მსურველი ჰაკათონზე?
მარიამ გოჩიაშვილი – განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, გასცეს იქ მითითებულ შეკითხვებს საინტერესო პასუხები, სადაც გამოჩნდება მათი ინტერესი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნის და სიახლეებისადმი მზაობა. და შემდეგ უკვე დაესწროს ვორქშოფებს.
ახალგაზრდების ჩართულობა ამ სფეროში არის თუ არა ერთგვარი ბიძგის მიმცემი, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
სანდრო ასათიანი – სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, იქმება ახალი პროფესიები. არსებობს კველვები იმის შესახებ, რომ სტუდენები, რომლებიც ახლა ამთავრებენ უნვერსიტეტს, ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვლიან პროფესიას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ გამოსცადონ თავი ახალი მიმართულებითაც და სწორედ ამის საშუალებას ვაძლევთ ჩვენ. ჩნდება ახალი პროფესია ნარატივდიზაინერი – ჩეთბოტების მწერალი.
რა მოლოდინი გაქვთ, როგორია გამოხმაურება?
სანდრო ასათიანი – ჩეთბოტებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიმართავს ღონისძიებები ილიაუნიშიც და დაინტერესება ყოველთვის არის. ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი დიდია, ვფიქრობთ, რომ ჰაკათონში მონაწილეობის ბევრი მსურველი გვეყოლება.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჰაკათონის ღონისძიება ან გაწევრიანდით ფეისბუქჯგუფში
Notice: Undefined index: galleries in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 44